სიკვდილი – დასასრული თუ ახალი გამოწვევა: ციკლი, რომელსაც ყველანი გავდივართ

სიკვდილის ცნება ყველას გვაშინებს, თუმცა რატომ გვეშინია? იმიტომ, რომ არ ვიცით იქ რა ხდება? იქნებ ვფიქრობთ რომ ჯოჯოხეთში შეიძლება გაგვიშვან? იქნებ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში კი არ ვაგრძელებთ ცხოვრებას, არამედ ვბრუნდებით უკან ახალი შესაძლებლობებით – უკეთესი არჩევანის გასაკეთებლად და ცნობიერების ახალ საფეხურზე გადასასვლელად? თუ სხვა რეალობა გველის?


გარდაცვალება – ვაღიარებთ თუ არა, ეს ცნება ყველას გვაშინებს. თუმცა რა იწვევს ამ შიშს? გიფიქრიათ ამაზე? ეს ჩვენთვის ბოძებული ერთადერთი და ძვირფასი სიცოცხლის სამუდამოდ დასრულების შიშია? ან იქნებ ეს ჩვენთვის სრულიან უცნობ სამყაროში გადასვლის შიშია? შეიძლება, ვფიქრობთ, რომ ცუდად ვიცხოვრეთ, ცოდვილები ვართ და იქ სამუდამო ტანჯვა გველოდება? მხოლოდ სხვისი ლოცვის იმედად უნდა ვიყოთ, რომ ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდეს ყოფა იმქვეყნიურ ჯოჯოხეთში? ან… ან…

ერთი ჩვეულებრივი ქრისტიანის ხედვა გარდაცვალებაზე

ქრისტიანული აღზრდის მქონე ადამიანების წარმოდგენაში გარდაცვალება ახალი ცხოვრების დასაწყისია, თუმცა იმქვეყნად ჩვენს ყოფას, ჩვენი აქაური ცხოვრების წესი განსაზღვრავს. აი, რისი გვჯერა ჩვენ – მოინანიე ცოდვები? ესე იგი გაქვს შანსი სამოთხეში წახვიდე, სადაც ანგელოზები და ღმერთი შეგეგებება და მათთან ერთად ულამაზეს სამოთხის ბაღში იცხოვრებ, სამუდამოდ ანგელოზთა გალობის თანხლებით. ცოდვები არ მოგინანიებია? შენი სული დამძიმებულია?  მაშინ ჯოჯოხეთში განგათავსებენ, ეშმაკების გარემოცვაში, სადაც ტანჯვაა ცეცხლსა და კუპრში. ესეც სამუდამოდ! ერთადერთი გამოსავალი გრჩება – იმედი იმისა, რომ ვინმე ამ ქვეყნად დარჩა, ვინც შენს განწირულ, ცოდვილ სულს ლოცვებში მოიხსენიებს, ამ ლოცვების საფუძველზე კი ღმერთი შენს მიმართ მოწყალებას გამოიჩენს და ტანჯვას ცოტათი შეგიმსუბუქებს.

მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლება ეწეროს ან არ ეწეროს ზუსტად ბიბლიაში, ადამიანების უმრავლესობა ამ აღქმით ვცხოვრობთ. ყველა სიტყვა, ისტორია, ამბავი ღმერთის შესახებ, წმინდანების შესახებ, ეკლესიის სწავლება, რაც ჩვენამდე მოდის – ყველაფერი ამ აღქმას გვიძლიერებს და სწორედ ამ რწმენით მივდივართ სიკვდილის სარეცელთან.

ზოგჯერ, გარდაცვლილი ადამიანის ახლობლებისთვის დიდი შვებაა, როდესაც მოძღვარი შეძლებს გარდაცვლილის ცხედართან მისვლას და წესის აგებას. და თუ ეს გარკვეული მიზეზებით ვერ მოხდება, ზოგიერთს გვჯერა, რომ ამით მიცვალებულის სული დახმარების გარეშე რჩება და ამქვეყნად დარჩენილი ჭირისუფლებისთვის ეს დამატებითი ტკივილია.

ზოგიერთ ჩვენგანს ისიც კი გვჯერა, რომ სამოთხეში ღმერთთან სიახლოვეში ცხოვრების შანსი მხოლოდ ქრისტიანულად მონათლულ ადამიანებს აქვთ, ხოლო ვინც ქრისტიანად ვერ მოინათლება მათი სულები ასი პროცენტით ჯოჯოხეთში წავლენ, თუმცა თუ ისინი ამქვეყნად კეთილი და კარგი ადამიანები იყვნენ, ისინი ისეთ ადგილას/მდგომარეობაში განთავსდებიან, სადაც ნაკლები ტანჯვაა, ან ტანჯვა საერთოდ არაა, მაგრამ არც ღმერთის ხილვის და მის გვერდით ყოფნის სიხარულია.

ზოგი ამბობს, რომ ამ ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია ისეთი ბავშვებისთვის, რომლებმაც მონათვლა ვერ მოასწრეს, ისინი იქ არ იტანჯებიან, მაგრამ სამწუხაროდ ვერც ღმერთს ნახულობენო. ეს კიდევ დამატებითი ტკივილია მათი აქ დარჩენილი მშობლებისთვის.

მაგრამ, მოდი დავფიქრდეთ! განა ღმერთი, რომელიც სამართლიანია ასე მკაცრად განსჯის ადამიანს? ღმერთი ხომ უსასრულო სიყვარულია, განა ასეთ რამეს დაუშვებდა? იქნებ ეს სურათი, რომელსაც ხშირად ბავშვობიდან გვასწავლიან, უფრო შიშზეა დაფუძნებული, ვიდრე ჭეშმარიტებაზე?

შენც გიჩნდება ეს კითხვები? მაშინ კარგად მომისმინე. შემდეგ კარგად დაფიქრდი და თუ ახლა, რასაც გაიგებ შენ გულის ხმას გამოეხმაურება და დაგამშვიდებს, მაშინ დაიჯერე ის, იცოდე, რომ ასე ფიქრი ცოდვა არ არის და განაგრძე ცხოვრება მეტი თავდაჯერებით,  დამშვიდდი და მოიპოვე შენი წილი ბედნიერება, რადგან ის შენც გეკუთვნის, როგორც აბსოლუტურად ყველა სხვას. მაგრამ, თუ შენ ამის დაჯერება არ გინდა, არ დაიჯერო, რადგან არც ეგ არ შეგაფერხებს არაფერში. შენ, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, როდესაც გარდაიცვლები, მიხვდები, რომ მართალს გეუბნებოდით. შეიძლება ისიც კი იფიქრო, რა სულელი ვიყავი, სიმართლე ხომ ცხვირწინ მედო, ამ ყველაფერს აქამდე როგორ ვერ მივხვდიო.

ცხოვრება სიკვდილის შემდეგ: სულიერი ზრდის ციკლი

მოდი დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანით? ვისაც რისი სჯერა, ზუსტად იმას იღებს ამ ცხოვრებაშიც და იმ ცხოვრებაშიც. უბრალოდ, დაჯერებაში ვგულისხმობ იმ პროცესს, რომელიც შენს ქვეცნობიერში მიმდინარეობს.

სიკვდილის მომენტი

თუ მთელი ცხოვრება გჯერა, რომ სიკვდილის მომენტში ანგელოზებს დაინახავ, აუცილებლად მათ დაინახავ. თუ დაიჯერებ, რომ შენი რომელიმე წინაპარი დაგხვდება იქ და გზას გიჩვენებს, აუცილებლად მას შეხვდები. თუ შენს ქვეცნობიერში ჩადებულია, რომ ამა თუ იმ რაოდენობის ცოდვების გამო იქ ეშმაკები დაგხვდებიან, ზუსტად მათ იხილავ. ამით იმის თქმა მინდა, რომ შენი შინაგანი ხმა და სინდისი წყვეტს, თუ რას ნახავ მას შემდეგ, რაც სხეულიდან ამოსვლის დრო მოგივა.

შენ კვლავ დაბრუნდები!

აქვე იმასაც გეტყვით, რომ სიკვდილით ნამდვილად არ სრულდება ის ერთადერთი სიცოცხლე, რაც ღმერთმა მოგცა. იცი? ღმერთმა მოგცა უფლება დედამიწაზე ადამიანის ფორმაში იმდენჯერ იცხოვრო, რამდენჯერაც მოგესურვება. თუმცა, ამას ისევ შენი შინაგანი ხმა და სინდისი წყვეტს – როდის, სად, რამდენჯერ დაიბადები და მოკვდები. ანუ შენ ერთჯერ სიკვდილის შემდეგ, დიდი ალბათობით უკან დაბრუნდები, ყოველი შემთხვევისთვის ამის უფლება გაქვს. შეიძლება უკვე იმდენჯერ ხარ მობრუნებული, რომ შენს სულიერ მეს სათვალავიც კი აერია.

რატომ ვიბადებით ხელახლა?

მაგრამ, რატომ შეიძლება დაბრუნდე უკან? პასუხი მარტივია: შენ აუცილებლად უნდა დაასრულო განსაზღვრული ციკლი. სულმა უნდა ისწავლოს აბსოლუტურად ყველაფერი, გაიაროს ყველა ამქვეყნიური სირთულე და სრულყოფილი ცოდნით და გამოცდილებით დაუბრუნდეს ღმერთს, როგორც მისი ნაწილაკი, რომელიც გაკვეთილების სასწავლად იყო წასული.

ამიტომ, თუ შემთხვევით ახლა გაიფიქრე, რომ მერე რა თუ ცუდად მოვიქცევი, ვინმეს რამეს დავუშავებ, მაინც მექნება კიდევ უამრავი შანსი უკან მოვბრუნდე და ისე ვიცხოვრო როგორც მომესურვება, ახლავე დაივიწყე. იცი, რატომ? თუ ასე გააკეთებ შენი შინაგანი სინდისის ხმა, რომელიც სწავლას მოწყურებული სულის ხმაა, უკან უარეს სიტუაციაში დაგაბრუნებს, რომ გაკვეთილი კარგად ისწავლო. ამიტომ, ყოველთვის სჯობს ამ ცხოვრებაში სასწავლი გაკვეთილების სწავლა არ დაიზარო, არ იმაიმუნო და გამოცდაც კარგად ჩააბარო, ვიდრე ერთსა და იმავე გაკვეთილს მილიონჯერ მოუბრუნდე, თან უფრო გართულებულს. ამას, ზოგი კარმას უწოდებს.

სულიერი მსაჯული

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, იქ 40 დღის შემდეგ ღმერთი კი არ განგსჯის და განგაწესებს სამოთხეში ან ჯოჯოხეთში, ამას თავად შენ გააკეთებ. ისიც იცოდე, რომ აქ ადამიანის სხეულში შენ ბევრ რამეში შეიძლება არ იყო სამართლიანი, ან გარკვეულმა სურვილებმა გძლიოს და თავს იმის უფლებაც კი მისცე, რომ ვინმეს შენს გარშემო უბრალოდ გული ატკინო ან ძალიან ცუდი რამეც კი გაუკეთო, ნებით თუ უნებლიეთ. შენი სული კი ძალიან ობიექტური და სამართლიანია. ჩათვალე, რომ ყველაზე მკაცრი მოსამართლე და ყველაზე მკაცრი მასწავლებელია ძალიან შემოქმედებითი გონით, რომელიც თუ ჩათვლის, რომ გაკვეთილის სასწავლად ეს საჭიროა, ყველაზე უარეს და წარმოუდგენელ სასჯელსაც კი მოუფიქრებს საკუთარ თავს. იქ შენ თავად გაგახსენდება ყველა დეტალი შენი ცხოვრებიდან, ცხადად დაინახავ, შენმა თუნდაც ერთმა რომელიმე ფიქრმა ან თუნდაც სულ მცირე და ერთი შეხედვით უმნიშვნელო არჩევანმა, რომელიც აქ გააკეთე რა შედეგი გამოიღო, თავად გააანალიზებ ყველაფერს სრულიად ობიექტურად, ოსტატების (შეგიძლია სულიერი მეგზურები ან ანგელოზებიც დაუძახო მათ) დახმარებით, რომლებიც იქ დაგხვდებიან და ერთად დაგეგმავთ როგორი უნდა იყოს შენი მომავალი ცხოვრება – რა გარემოში, რომელ ოჯახში უნდა დაიბადო, ვის უნდა შეხვდე ცხოვრებაში, რა გამოწვევების წინაშე უნდა დადგე, რა ტიპის გამოცდილებები უნდა გაიარო. ეს ყველაფერი კი იმის მიხედვით დაიგეგმება, თუ რა გაკვეთილი გაქვს სასწავლი, რომ შემდეგ საფეხურზე გადახვიდე.

რა თქმა უნდა, ყველა დეტალი არ არის გაწერილი და ადამიანად დაბადების შემდეგ გაქვს თავისუფალი ნება – შეგიძლია გაყვე იმ გზას, რაც თავიდანვე აირჩიე, ან სხვა არჩევანი გააკეთო ყველა მომენტში. მერე კი როცა ამ გზას გაივლი, კიდევ ერთხელ გააანალიზებ შენს განვლილ ცხოვრებას და კიდევ ხელახალი ობიექტური განსჯის საფუძველზე გადაწყვეტ როგორი უნდა იყოს შემდეგი.

მთავარი წესი, რომელიც უნდა დავიცვათ, რომ სულიერი ზრდის გზაზე არ შევფერხდეთ

შენს სულს ყოველთვის აქვს მოთხოვნილება აქ მიიღოს საუკეთესო გამოცდილება და გააკეთოს მხოლოდ კარგი, ყველაფერი შეძლოს უკეთესად ვიდრე წინა ჯერზე. სულისთვის ყველაზე მტკივნეულია სინანული იმის გამო, რომ შეეძლო რაღაც უკეთესად გაეკეთებინა. ის მანამდე არ მოისვენებს, სანამ რაც საჭირო იყო იმ შესაძლებლობის საუკეთესო ვარიანტს არ აირჩევს და საუკეთესოდ არ ჩააბარებს გამოცდას. ამ საუკეთესო არჩევანის საფუძველი კი უნდა იყოს შემდეგი წესი – არასოდეს დაუშავო სხვას რაიმე და არასოდეს წაართვა სხვას რაიმე. ეს სამყარო იმდენად მდიდარია, რომ შენ თავად შეგიძლია შექმნა ყველაფერი, რაც გჭირდება. თუ სხვისას მოინდომებ, შენს შემოქმედებით უნარსაც დაკარგავ და იმის მცდელობა, რომ სხვისი რამ მიისაკუთრო საბოლოოდ იმით დასრულდება, რომ ამ ცხოვრებაში სინდისის ხმა გულს გაგიწყალებს, და თუ არ მოუსმენ, სხეულის დატოვების შემდეგ ისეთ გარემოში ჩამოგიყვანს, რომ ისევ და ისევ იმავე გამოწვევების გავლა დაგჭირდება, სანამ გამოცდას წარმატებით არ დაასრულებ.

რა უნდა გავაკეთოთ?

ამიტომ, რა გზასაც არ უნდა გადიოდე აუცილებლად ეცადე ყოველი არჩევანის გაკეთების დროს საუკეთესო ვარიანტი აირჩიო, რომელიც შენს შინაგან ხმასთან, სინდისთან, ჰარმონიაში იქნება, რათა სხეულიდან ამოსვლის შემდეგ იქ არ დაიწყო – ნეტა უკეთესად ხომ არ შემეძლო? კიდევ ერთხელ ხომ არ ვცადო იგივე? იქნებ ამჯერად შევძლო კარგი არჩევანის გაკეთება?! მე მჯერა, რომ შენ აუცილებლად იცხოვრებ ისე, რომ მართალი იყო საკუთარ თავთან – ანუ იმ ღმერთთან, რომელიც შენს გულში ზის და ტყუილ-მართლის გარჩევაში გეხმარება, იმის მიხედვით თუ რის შესაძლებლობას მისცემ მას.  

სიცოცხლე – ეს არის სულიერი სწავლის გზა, რომელსაც საბოლოოდ უნდა მოჰყვეს შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია. არ არსებობს მარადიული სასჯელი – მხოლოდ გაკვეთილებია, რომლებიც უნდა ვისწავლოთ. დედამიწა კი სკოლაა. ამიტომ, ნუ შეგაშინებს გარდაცვალების ცნება. ის მხოლოდ ახალი ფაზის დასაწყისია, ახალი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ ვცადოთ ცხოვრება, სადაც მივაღწევთ სიყვარულის და სიბრძნის მაღალ დონეებს.

იყავი საკუთარ თავთან მართალი და იცოდე, რომ შენ ნამდვილად გაქვს უფლება, იყო ბედნიერი და სრულყოფილი. სულიერი ზრდა – აი, რა არის ჩვენი მთავარი მიზანი.


დაკავშირებული პოსტები